Sunday, October 20, 2013

Vaxtang Gorgasali/ვახტანგ გორგასალი

ვახტანგი 15 წლიდან 22 წლამდე[რედაქტირება]

457 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლის თანავე მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა ტახტზე, მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი მღვდელმთავარი მიქაელი.
ეს ვახტანგის პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. ვახტანგი ლაპარაკობდა „ხმითა მაღლითა“, ჭარმაგული სიბრძნით, „ვითარცა აღზრდილი ფილოსოფოსთა თანა“. განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო.
იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა–ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.
ის წელი საომარ სამზადისში განესრულა. ჯერ მუხნარსა და ხერკს იყრებოდა ქართველთა ლაშქარი, მერე თიანეთს. ოვსთაგანაოხრებულ ბარდავიდანაც ჯარი გამოუგზავნა ერისთავმა ვარაზ-ბაკურმა, ვახტანგის ბიძამ. ბარდაველთა ჯარს სარდლობდა ფარსმან-ფარუხი, უებრო მეომარი.
ოვსეთში იცოდნენ ქართველთა მეფის საომარი სამზადისი და თვითონაც ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად. ნიჯადად (მაშველად) ხაზართა დიდძალი ლაშქარი შეიერთეს ოვსებმა.
ვახტანგის ლაშქარში პირველ რიგებში იდგნენ თოროსნები, მათ მოსდევდნენ ქვეოთები, შემდგომ იდგა მსუბუქი კავალერია, რომელიც უნდა დადევნებოდა გაქცეულ მტერს, ბოლოს მოდიოდა მეფის „გვარდია“, რჩეული მხედრობა, რომელსაც თვითონ ვახტანგის სარდლობით, ელვისებური ადგილმონაცვლეობით, იქ გაჩნდებოდა, სადაც უფრო მისჭირდებოდა ძირითად ძალებს.
შვიდე დღის შემდგომ ლაშქარი გავიდა თიანეთიდან. დარიალი გაიარეს და თერგზე გავიდნენ. მდინარის მეორე ნაპირას უცდიდნენ ოვსნი და ხაზარნი. ხაზართაგან გამოვიდა „ბუმბერაზი“ მხედარი თარხან და ორთა ბრძოლაში გაიწვია ქართველთაგანი. გავიდა ფარსმან-ფარუხი, თუმცა თარხანმა უხეთქა ხმალი და ბარდაველი ცხენიდან თავგაპობილი გადმოვარდა. მეორე დღეს მან კვლავ მოითხოვა ორთა ბრძოლა. ახლა თვითონ ვახტანგი გავიდა. ქართველთა მეფემ ხაზარს ბრძოლაში თავი წარკვეთა და თავის ბანაკში დაბრუნდა.
მეორე დღეს ოვსთაგან გამოვიდა ბაყათარი, რომელსაც ამ ჟამამდე ბადალი არ გომოსჩენია სარკინალ ველზე. მან ვახტანგ მეფე გამოიწვია შესარკინებლად. ეს ორთა ბრძოლაც ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა.
ამ ორთაბროლის დამთავრების შემდგომ მტრისკენ დაიძრა ქართველთა ლაშქარი. გაჩაღდა ბრძოლა ძლიერი. მეფის მხარდამხარ დიდის შემართებით იბრძოდნენ არტავან საურმაგის ძე (ვახტანგის ძუძუმტე) და ბივრიტიან სეფეწული. ბრძოლა ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა. ვახტანგმა ტყვეობიდან იხსნა თავისი და მირანდუხტი და უამრავი თანამემამულე.
დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები, ახალი ციხესიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა მეფემ. შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ვახტანგმა მირანდუხტი ამალით მცხეთაში გამოგზავნა, ხოლო თვითონ ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ ოლქთა დამორჩილებას შეუდგა. ვახტანგმა გადაიარა და გადალაშქრა იალბუზი, სწორედ მაშინ მიიღო მან წოდება „იალბუზის გმირისა“. ვახტანგმა დაამარცხა ყივჩაღები, პაჭანიგები და ჯიქეთი. ამრიგად მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან აფხაზეთში გადმოვიდა ვახტაგ მეფე. მან აფხაზეთან და ეგრისიდან განდევნა ბიზანტიელები. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ საქართველოს მეფე მცხეთაში დაბრუნდა.